სახლის მშენებლობა – რა გავითვალისწინოთ?
კერძო სახლის მშენებლობა ბევრისთვის საოცნებო და ამავდროულად კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს დიდ ენერგიას, დაფიქრებას და ფინანსებს.
სახლი, ეს არის ადგილი, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია ისე გამოიყურებოდეს, როგორც წარმოგვიდგენია.
თუ გსურს გქონდეს ყველასგან გამორჩეული სახლი ან ბევრი ძიების შემდეგ მაინც ვერ მიაგენი იმ სივრცეს, სადაც ცხოვრება გენდომებოდა- საუკეთესო გამოსავალი საკუთარი ხელებით მისი აშენებაა.
რა თქმა უნდა, ეს საპასუხისმგებლო პროცესია და თითოეული ნაბიჯის სწორად და დაკვირვებით გადადგმას მოითხოვს, რაც საკმაოდ რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.
წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ სახლი აიშენოთ იქ, სადაც გსურთ- მშვიდ ან ქაოსურ გარემოში, თქვენთვის სასურველი ხედით, თქვენს მიერ შერჩეული დიზაინითა და ყველა სასურველი დეტალის გათვალისწინებით.
პირველ რიგში დაგეგმვითა და ფინანსების თავმოყრით.
წინასწარ განსაზღვრეთ დაახლოებით როგორი პროექტის განხორციელება გსურთ, რა ტიპის სახლს აშენებთ, რა დაგჭირდებათ მშენებლობის დროს და როგორ შეგიწყობთ ამ ყოველივეში ხელს ფინანსები, რადგან საკმარისი რესურსების გარეშე შესაძლოა პროექტის ბოლომდე დასრულება ვერ მოახერხოთ.
დაწყებამდე იზრუნეთ, რომ მშენებლობისათვის საჭირო ყველა მასალა ადგილზე გქონდეთ.
თუ უკვე გაქვთ მიწის ნაკვეთი, სადაც გეგმავთ კერძო სახლის აშენებას ბევრად წინ ხართ, ხოლო თუ ლოკაცია შერჩეული არ გაქვთ სწორედ აქედან უნდა დაიწყოთ პროექტის განხორციელებაზე ზრუნვა.
როდესაც იწყებთ მიწის არჩევას აუცილებელია გაითვალისწინოთ გარკვეული პირობები. მაგალითად, კლიმატი, მიწის სიმყარე, რამდენად ხელმისაწვდომია კონკრეტული ადგილი კომუნალური სისტემების გასაყვანად და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და რაც მთავარია, თუ რამდენად აკმაყოფილებს იგი თქვენს კრიტერიუმებს.
გაითვალისწინეთ, რომ პროექტის დაწყებამდე აუცილებელია ყველა იმ ნებართვის აღება, რასაც სახელმწიფო მოითხოვს მშენებლობისას.
ნებართვა გჭირდებათ მიწის ზონებად დასაყოფად და დახარისხებისათვის, სახლის კონსტრუქციისთვის, ელექტრო სამუშაოებისა და სანტექნიკის გაყვანისთვის და სხვ. ამისთვის დაგჭირდებათ შესაბამისი საბუთებისა და ნახაზების წარდგენა, ამიტომ რეკომენდებულია პროფესიონალ არქიტექტორთან თანამშრომლობა, რომელიც დაგეხმარებათ ნახაზების სწორად გაკეთებაში.
სახლის მშენებლობისას ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი საკუთარი სახლის დიზაინის შექმნაა.
პროცესის მნიშვნელობიდან გამომდინარე რეკომენდებულია პროფესიონალების დახმარების მიღება, რათა თქვენი ჩანაფიქრები ზუსტად იყოს გადმოცემული.
თუმცა თუ თქვენ თავად გსურთ ყველაფერი საკუთარი ხელით აკეთოთ, არც ეს წარმოადგენს შეუძლებელს.
ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე საკითხი, რაც ამაში დაგეხმარებათ.
განსაზღვრეთ საძინებლებისა და სააბაზანოების რაოდენობა, იმის მიხედვით თუ რამდენი ადამიანი აპირებთ ამ სახლში ცხოვრებას და მოსალოდნელია თუ არა ოჯახის წევრების ზრდა.
დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის გარე სივრცის არსებობა? გსურთ გქონდეთ დიდი ეზო თუ პატარა ბაღიც საკმარისია?
ღია სივრცის კონცეფცია უფრო მოგწონთ თუ ცალ-ცალკე განლაგებული ოთახების იდეა? ღია სივრცე უფრო თანამედროვე ელფერს შესძენს თქვენს სახლს, ხოლო ინდივიდუალური ოთახები კლასიკურს.
შეარჩიეთ თქვენი სახლის სტილი. დაფიქრდით, როგორ გსურთ გამოიყურებოდეს კერძო სახლი გარედან. რას ფიქრობთ ეკო-მეგობრულ სივრცეზე ან მზის პანელების გამოყენებაზე?
გულმოდგინედ განსაზღვრეთ სახლის ინტერიერი. როგორი დიზაინი მოგწონთ? უფრო თანამედროვე თუ ძველებური სტილის?
დიზაინისა და ყველა საჭირო ნებართვის მიღების შემდგომ უშუალოდ მშენებლობის პროცესზე გადავდივართ.
პირველი ნაბიჯი მიწის მომზადებაა სახლის კონსტრუქციის ასაგებად, რაც მოიცავს ლოკაციის არეალის გასუფთავებას, სანგრების თხრასა და კომუნალური სისტემების გაყვანას.
მეორე ეტაპი საძირკველის გამაგრებაა. საძირკველი შენობის ის ელემენტია, რომელიც ზედნაშენის სიმტკიცეს განაპირობებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ხარისხიანი არმირებისა და ბეტონის გამოყენება.
ასევე, უნდა გაითვალისწინოთ გეოლოგიური პირობები და წყალდიდობისა თუ მიწისძვრის რისკები.
შემდეგ ეტაპზე უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ იატაკზე, კედლებსა და სახურავზე.
ამ ეტაპის განმავლობაში მნიშვნელოვანია სახლის კონსტრუქცია დაიცვათ ტენიანობისგან, რათა არ მოხდეს მისი დაზიანება. კედლების სიმტკიცის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ ბეტონი.
შემდეგი ძირითადი ეტაპია მთავარი გაყვანილობების მონტაჟი, რაც გულისხმობს სანტექნიკისა და ელექტრობის გაყვანას, გათბობისა და გაგრილების სისტემების დაყენებას.
კედლების დასრულებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ გაყვანილობაში არანაირი პრობლემა არ არის და სისტემა გამართულად მუშაობს.
ასევე, შეგიძლიათ დაამონტაჟოთ სააბაზანო ან საშხაპე. კედლების დასრულებისათვის კი ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად გიფსოკარდონი განიხილება, რომლის გადაღებვა ან მასზე შპალერის გაკვრა შეგიძლიათ.
რაც უფრო ნაკლები არჩევანი გაქვთ კედლების შემთხვევაში, მით უფრო დიდი გაქვთ იატაკზე: ლამინატი, ხე, გრანიტი და სხვ.
ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების დასრულებისას უკვე შეგიძლიათ მთლიანი ყურადღება დაუთმოთ სახლის ინტერიერსა და ექსტერიერს.
საბოლოოდ, კოსმეტიკური სამუშაოების, შიდა კარების დამონტაჟების, სამზარეულოს მოწყობისა და ეზოში ყველა საჭირო დეტალის მოგვარებით, თქვენი სახლის პროექტი დასრულებულად ითვლება.
ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლისას, კარგი იქნება თუ ჩაატარებთ საბოლოო დათვალიერება/შემოწმებას თუ როგორ არის შესრულებული სამუშაო, რათა რაიმე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში სწრაფად აღმოფხვრათ.
გახსოვდეთ, სახლი ის ადგილია, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ვატარებთ, ამიტომ მასში ჩადებული რესურსები და ენერგია არ უნდა დაგვენანოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
გადახდის მეთოდები: